როდის აღდგება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა? – კალაძის პასუხი

1430

თბილისის მერი, კახა კალაძე კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, თუ როდის განაახლებს მოძრაობას ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ამისთვის მზად არის და დარგის სპეციალიტების მითითებებს ელოდებიან.

„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათის ჯერ კიდევ ძალაშია. შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი რჩება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 647 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 372 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.