რუსთავის მერიაში სოციალური სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება იწყებს ფუნქციონირებას, – ამის შესახებ tv4-ს რუსთავის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ივნისიდან ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი ძალაში შედის, რომელიც მუნიციპალიტეტებს გარკვეული სახის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს აკისრებს. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში რუსთავის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უკვე განსაზღვრა.
მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით ,მუნიციპალიტეტში განსაზღვრული იქნება შესაბამისი სამსახური , რომელიც შეიმუშავებს და უზრუნველყოფს ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის მუნიციპალური პროგრამების მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ამასთან, ნინო ნიკოლავას ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებები შევიდა – დაემატა 5 საშტატო ერთეული , რომელიც უშუალოდ აღნიშნულ უფლებამოსილებას განახორციელებს. შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პროფესიულ საჯარო მოხელეთა შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.
მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა ბავშვის უფლებების დაცვის, ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის მომსახურების სფეროებს მოიცავს. როგორც რუსთავის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის ხელმძღვანელი ნინო ნიკოლავა აცხადებს , ამ მიმართულებით სულ დასაქმებული იქნება 7 ადამიანი.