ხაზარაძე: სულ ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო ანაკლიაზე, თქვენი მთავრობის მეოხებით, მამუკა ხაზარაძეს კი არ წაართვეს ანაკლია, წაართვეს ინვესტორებს

303

სულ ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო ანაკლიაზე, თქვენი მთავრობის მეოხებით, მამუკა ხაზარაძეს კი არ წაართვეს ანაკლია, წაართვეს ინვესტორებს, 80 მილიონი დოლარი ამ ხალხმა, ჩემი ნდობით, ამ ქვეყნის ნდობით კოფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში ჩადო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იმიტომაა კვლავ ღარიბი ქვეყანა, რადგან დიდი პროექტები, რომელიც დაიწყო, ყველა გაჩერდა.

„რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა? იმიტომ, რომ 9 წლის განმავლობაში, არცერთი გლობალური, დიდი იდეა ვერ მოვისმინეთ „ქართული ოცნებისგან“. დიდი პროექტები, რომელიც დაიწყო, ყველა გაჩერდა. მე სულ ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო ანაკლიაზე, მაგრამ თქვენ, ანაკლია, ქვეყნის უზარმაზარი პროექტი ერთ კაცში განასხეულეთ. ანაკლია და მამუკა ხაზარაძე. დაივიწყეთ, რომ ამის უკან დგას ჩვენი თითოეული მოქალაქე, ჩვენი ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, მსოფლიოს 4 წამყვანი ბანკი, უზარმაზარი ინვესტორები მსოფლიოს 5 ქვეყნიდან. არა, უფრო მარტივია ერთ კაცზე თქვა, რომ ამისია ანაკლია. მე მინდა დაგამშვიდოთ, რომ თქვენი მთავრობის მეოხებით, მამუკა ხაზარაძეს კი არ წაართვეს ანაკლია, წაართვეს ინვესტორებს, 80 მილიონი დოლარი ამ ხალხმა, ჩემი ნდობით, ამ ქვეყნის ნდობით ჩადეს 4 კილომეტრში კოფლიქტის ზონიდან. თქვენ, ახლა მესაუბრებით მე, ამხელა პროექტის ჩავარდნის შემდეგ, ინვესტიციის შემოტანაზე. მე მინდა კითხვა დაგისვათ – რატომ არავინ არ ჩახვედით? რატომ არ შექმენით კომისია? მე 2 წელია იქ არ ვარ. არაფერი კომენტარი, რომ მე ახლა ამ თემას მიმაბათ არ გამოგივათ. რატომ არავინ არ ადგა და არ თქვა? თქვენი მთავრობის წევრი ყოველდღიურად ტელევიზიაში იჯდა და ტორპედირებას უწევდა, ათახსირებდა ჩვენს ინვესტორებს. თქვენი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, ამბობდა, რომ თითქოს უხარისხო ინვესტორები არიან ჩამოსულები. 2 წელი გავიდა მეგობრებო, რაც თქვენ ესქპროპრიაცია გაუწიეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინვესტიციას საქართველოში, აფხაზეთიდან 4 კილომეტრში. 2 წლის განმავლობაში არაფერი არ შესთავაზეთ, არც ახალი ინვესტორი, არც გამოსავალი, არც ძველს დაელაპარაკეთ. აქაც ჩნდება კითხვა – ვის ინტერესებს ემსახურება ეს? თუ არა რუსეთის.

ამ პოლიტიკით თქვენ საქართელოს წაართვით უნიკალური შანსი, რომელიც 90-იან წლებში გაგვიჩნდა ჩვენ ბაქო – ჯეიჰანის თვალსაზრისით. წაართვით, იმიტომ რომ გავხდით ჩიხი. არავის დასჭირდება საქართველო როგორც სატრანზიტო გზა, ვის ინტერესებშია ეს თუ არა რუსეთის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.