პორტს ჰყავდა ამერიკული და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი, რომელიც უბრალოდ ძალიან დაიბნა, რადგან ვერ დაინახა ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა მაშინდელი პრემიერისგან ( აწ უკვე გადამდგარი გახარიასგან)“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქეთი ბოჭორიშვილი პარტია „საქართველოსთვის” წევრის კახა ქემოკლიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ხაზარაძე პუტინთან დაკავშირებული კომპანია „მერიდიანის” შემოყვანას ცდილობდა, რომელსაც მისივე თქმით, ბრიტანულ კომპანიად ასაღებდა.
ბოჭორიშვილის თქმით, „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ევგენი ფელდი „არც რუსია და არც ბრიტანელი“.
„ბატონი ფელდი არც რუსია და არც ბრიტანელი. ის გახლავთ ყაზახი და ყაზახური ინვესტიცია (ამ შემთხვევაში მინოტარული მონაწილეობით) ძალიან სტრატეგიული და მნიშვნელოვანი იყო და იქნება ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის განხორციელების შემთხვევაში. ის ასევე გახლდათ სტრატეგიული ინვესტორი, რადგან ფლობს ტვირთებს. დავამატებ, რომ ანაკლიის პორტს ჰყავდა ამერიკული და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი, რომელიც უბრალოდ ძალიან დაიბნა რადგან ვერ დაინახა ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა მაშინდელი პრემიერისგან ( აწ უკვე გადამდგარი გახარიასგან).
კარგი იქნება ნებისმიერი ინვესტორის პროფილი კარგად გავიაზროთ და შემდეგ გავაკეთოთ ხმამაღალი განცხადებები და ასევე ელემენტარული ეტიკეტია გაცნობითი შეხვედრა მშვიდობიანად და საქმიანად ჩავატაროთ. ვინმეს თუ უმუშავია მათ მოსაზიდად, ზუსტად იცის რამხელა შრომა და ძალისხმევა იხარჯება და ერთ სიტყვას რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია. ამ პოლიტიკურ პროცესებში ინვესტორების სახელების ნეგატიურად დასახელებისგან კი ჯობია თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით დღეს მაინც, როდესაც ახალ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ვუყურებთ და ვხედავთ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. ყველა ხარისხიანი ინვესტორი ძალიან გვჭირდება!”,-წერს ქეთი ბოჭორიშვილი.