პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციას არ ჩადებს. ასე ეხმაურება იგი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესის დაწყების შესახებ.
ჯაფარიძის თქმით, მსგავსი განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ პიარისთვის აკეთებენ.
“უკვე იყო მცდელობა ინვესტიციის მიტაცების, ექსპროპრიაციის, პლუს, მიმდინარეობს დავა. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, ამ პროექტში ინვესტირებას არანაირი ახალი ინვესტორი არ გააკეთებს. ამ ტიპის განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ, პიარულ მიზნებს ემსახურება”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.
პრემიერმინისტრის გარდა, დღეს ანაკლიის პორტზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ანაკლიის პროექტისთვის, კერძო სექტორმა ვერ შეძლო ინვესტიციის სრულად მოზიდვა.
ღარიბაშვილისა და თალაკვაძის განცხადებებს დღეს გამოეხმაურა პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, კახა კოჟორიძეც. მისი თქმით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.
2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებისა შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობდა, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.