ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის ასაშენებლად ინვესტორის შესარჩევად უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება, – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ყოველთვი გამოხატავდა მხარდაჭერას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მიმართ. პრემიერმა აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი.
„არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის ძირითადი ვალდებულება გადავადდა სამჯერ. ასევე მთავრობამ გამოისყიდა და ინვესტორს გადასცა 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ღირებულება. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც. გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით „საპარტნიორო ფონდი“ მზად იყო ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით თუ ინვესტორი აღებული ვალდებულების შესრულებას შეძლებდა. თუმცა, მოგეხსენებათ, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება.
ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს დაიწყებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, – გნაცხადა ღარიბაშვილმა.