რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.
რუსთავის მერიის ცნობით, კოსტავას გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების 90% უკვე შესრულებულია.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, შუაგამყოფ ზოლში კი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, ამასთანავე დასასრულს უახლოვდება სპეციალური ფილებით ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებიც. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, სრულად რეაბილიტირებული იქნება.
„ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სამინისტროდან ფინანსდება, შეუფერხებლად მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებზე. შეფერხება ამ მხრივ თითქმის არ გვქონია. თქვენ ნახეთ, რომ დასასრულს უახლოვდება კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია და აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო ყველა ლოკაციაზე. მუშაობა არ შეფერხებულა არც პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების ფონზე, რადგან ყველა ის კომპანია, რომელიც ამჟამად მუშაობს ჩვენს პროექტებზე, მკაცრად იცავს იმ აუციელებელ პირობებს რაც პრევენციისთვის არის რეკომენდირებული და ჩვენც ყოველდღიურად ვახორციელებთ მონიტორინგს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
უწყების ცნობით, დღესვე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ირაკლი ტაბაღუამ, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სკვერის ტერიტორიაზე, 4 ჰექტარ მიწის ფართობზე, მრავალფუნქციური თანამედროვე პარკის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე შეემატება.
„წელს მთელს რეგიონში, სადაც ამ ეტაპზე, 46 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება და წლის განმავლობაში კიდევ არაერთი პროექტი დაემატება ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს . დღეს გავეცანით რუსთავში მსხვილი პროექტების მიმდინარეობას. ვნახეთ კოსტავას გამზირი, სადაც სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, დავათვალიერეთ ლეონიძის სკვერში არსებული მდგომარეობა, სადაც ასევე ერთ-ერთი მსხვილი პროექტი ხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ, რუსთავს კიდევ ერთი, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე ექნება. მასშტაბური პროექტები ხორციელდება გზების და შიდა ეზოების რეაბილიტაციის კუთხითაც. სამუშაოების მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების სრული დაცვით, რაც კოვიდ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ქალაქის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა ჩერკასის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტით, ტროტუარების მოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ზაფხულში დასრულდება. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მტკვრის მარცხენა სანაპიროს გზებსა და შიდა ეზოებშიც, სადაც პროექტის მიხედვით, სანიაღვრე სისტემის და ასფალტის საფარის რეაბილიტაცია 11 ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ზაფხულში უნდა დასრულდეს. 2020 წელს, რუსთავში, დაახლოებით 22 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.