საჩხერეში მცხოვრებ 10 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

773

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემლინ ფურლე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ფაბრიკის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დევნილ ოჯახებთან გამართულ შეხვედრას საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული 10 ოჯახი საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩა N10-ში, წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გადაწვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს მომავალში, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 1000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდება.