კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის – ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები, ე.წ. ვებინარები მიმდინარეობს, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ინტერაქციული სერიების ძირითადი საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობების ოპერირების ახალი სტანდარტების შესახებ ინფორმაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიმართულებებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში მსგავსი პრეზენტაციები კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის გაიმართება. პროექტში თბილისის მერიასთან ერთად, ჩართულია „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“ და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ბაზრისთვის სპეციალური მიმართულებები შეიმუშავეს.
„ვებინარზე „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კვების ობიექტების ოპერირების განახლებისთვის საჭირო კონკრეტულ სტანდარტებზე ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ Hotel Collection International-თან თანამშრომლობით, განთავსების ობიექტებისთვის მსგავსი ინტერაქციული პრეზენტაცია უკვე გაიმართა და დაინტერესებული პირებისთვის ოპერირების შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. ინფორმაცია და ვებინარზე დასასწრები ბმულები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის გვერდზეა განთავსებული. ინტერაქციულ პრეზენტაციაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.