ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს დასახმარებლად 9 მლნ ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას იწყებს

830
ბაღდათის სოფელი ხანი

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, საქართველოს სოფლის დასახმარებლად საგრანტო პროგრამას იწყებს.

9 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამის მიზანი სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარება, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილებაა.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთისა და ავსტრიის მთავრობებთან ერთად, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ინიციატივების მხარდაჭერა გასულ თვეშიც გამოაცხადა. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.