რიჟვაძე: სპეციალისტების თქმით, ზღვის წყალი გადამტანი არაა, სანაპიროზე დისტანციის დაცვას დავაკვირდებით

480

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, საიმედო პროგნოზია, რომ ზღვის წყალი ვირუსის გადამტანი არაა. მისი განცხადებით, სანაპიროებზე სოციალური დისტანციის დაცვას “რბილ ზედამხედველობას” გაუწევენ. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

“ინფექციონისტების პროფესიული მოსაზრების მიხედვით ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება ზოგადად დისტანცირებას დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები, ასევე, ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაქსიმალურად შეეცდებიან ამის დაცვას. რბილი ზედამხედველობის ნაწილში ამას დავაკვირდებით”, — თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

პრემიერმინისტრმა ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია განმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.