11 მაისს გაიხსნება თბილისი, 14 მაისს – რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისს – მარნეული

1823

შემდეგი სტატია

11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული. ამის შესახებ პრემიერმინისტმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პოსტკრიზისული გეგმა უნდა წარადგინოს.

ამასთან, გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქების გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა. ამასთან, ხუთი მაისიდან შეზღუდვა უკვე მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.