სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაციამ” ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტის I ეტაპი დაასრულა. ინფორმაციას “საქართველოს მელიორაცია” ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4 კილომეტრამდე დახურული საირიგიაციო ქსელი. მიმდინარეობს შიდა კვლების მოწყობის სამუშაოები, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევთ, უშუალოდ ნაკვეთებამდე მიიყვანონ წყალი.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია სოფელ ოჟიოსა და ხორხელის 150 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
პროექტის II ეტაპის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტში დამატებით 150 ჰექტარი გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი.
“საქართველოს მელიორაციაში” აცხადებენ, რომ 2012 წლიდან კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 45 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 15 400 ჰექტრამდეა გაზრდილი.