პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერმა ამან ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და კერძო სექტორი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში.
“ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკურ მდგომარეობაზე არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. არც ჩვენი დედაქალაქი თბილისია გამონაკლისი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა, სამწუხაროდ. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი,” – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტი და მთლიანად სახელმწიფო საკუთარი შესაძლებობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს ბიზნეს სექტორს და იმ კომპანიებს, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართულები.
“მინდა იცოდნენ მათ, რომ ისინი მარტო არ დარჩებიან ამ რთულ ვითარებაში, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ერთად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. ჩვენ მოგვიწევს გაათმაგებული და გაასმაგებული შემართებით მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმ დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ამიტომ მოგვიწევს უფრო მეტი შემართებით, 24 საათიანი თავდაუზოგავი შრომა არსებული მდგომაროების გამოსასწორებლად,” – განაცხადა კალაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.