მთავრობა: ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეამოწმა 1 344 კომპანია

690

„ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მერ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

„აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, ხოლო ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ აქვთ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან“, – ნათქვამია რელიზში.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ღონისძიებების შემდგომი შემსუბუქების საკითხები და ის მიმართულებები, რომელთა ამოქმედება შესაძლოა გეგმით გათვალისწინებულზე უფრო ადრე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განხორციელდეს. მათ შორის, საუბარია თბილისისა და რუსთავის გახსნაზე, რის შესახებაც გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე მიიღება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. ამასთან, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი გაგრძელდება და ეფექტიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და შესაბამისად, მთავრობას არ მოუწიოს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.

მთავრობის რამდენიმე დადგენილებებით განსაზღვრულია იმ კომპანების სია, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ. 6 აპრილიდან კი მთავრობამ ამ  საწარმოების შემოწმება დაიწყო, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა