დღეიდან ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა განახლდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარაში განახლდა როგორც სახელმწიფო პროექტები, ასევე საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები.
მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში მიმდინარე პროექტები მოინახულა. თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე საძირკვლის მოწყობა დასრულებულია და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
„შემსუბუქების ღონისძიებების ფარგლებში დღეიდან ბათუმში მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვები და რაც ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეიდან უკვე ამუშავდა სამშენებლო ობიექტები. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ძალიან აქტიურად განახლდა. პრაქტიკულად დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები. მიმდინარეობს შემდეგი ეტაპები. დარწმუნებული ვართ, რომ გრაფიკში არ იქნება არანაირი ჩამორჩენა. შესაბამისად, როგორც მოსახლეობას, ასევე აქ მაცხოვრებლებს და მათ შვილებს დავპირდით, ეს პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ყველანი ერთად ავაშენებთ ოცნების ქალაქს“ , – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ერთად ქალაქში მიმდინარე კერძო საინვესტიციო პროექტის „ალიანს ფრივილიჯის“ მშენებლობის პროცესიც მოინახულა.
„მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანიების მხრიდან დაცული იქნას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტები და რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ აჭარაში ოპერირებადი დეველოპერული კომპანიები გამოთქვამენ მზაობას დაიცვან ყველა არსებული რეკომენდაცია და პროექტები დადგენილ ვადებში დაასრულონ“ , -ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 მაისიდან ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა სამშენებლო სამუშაოებზე, სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა