მირდატ ქამადაძემ ბათუმის საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართა

352

ბათუმის საკრებულოს შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ აქცია – პერფორმანსი გამართა. ქამადაძემ საკრებულოს შენობასთან სამშენებლო ხელსაწყოები, ტაქსის ემბლემა და სხვადასხვა ნივთები მიიტანა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

მისი თქმით, აქცია პერფორმანსი გამოხატავს იმას, რომ ათასობით ბათუმელს კორონავირუსის გამო ფინანსური პრობლემა შეექმნა და კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარისგან ითხოვს,  ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა სადაც ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა უნდა განიხილონ.

ჩაინიშნება თუ არა ოპოზიციის მოთხოვნით რიგგარეშე  სხდომა – საკრებულოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ წერილობით განცხადებაზე პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. სატელევიზიო კომენტარი კი არ გაკეთებულა.

“მე ამ პროფესიის ადამიანებთან ერთად, ველოდები როდის დანიშნავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას. მაინტერესებს ეყოფა თუ არა “ქართული ოცნების” დეპუტატებს გამბედაობა მოვიდნენ სხდომაზე. ვიმსჯელებთ, მაგალითად, ბათუმობისთვის გამოყოფილ ნახევარი მილიონი ლარზე, რომელიც ღონისძიების აღსანიშნავად ვეღარ დაიხარჯება. სად უნდა წავიდეს ეს თანხა?” – აცხადებს მირდატ ქამადაძე.