ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა (სრული ვერსია)

936

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი  ორგანიზაცია CRRC საქართველოს  მიერ  წარმოდგენილი  საზოგადოებრივი  აზრის  უახლესი კვლევა აჩვენებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კანონთან – კონსტიტუციასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ. მოქალაქეთა მხოლოდ 32 პროცენტს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ; იმ ადამიანთა უმრავლესობა (59 პროცენტი), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე. გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2 პროცენტი დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს. ამას გარდა, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, მხოლოდ 6 პროცენტი ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; 47 პროცენტის აზრით – ნაწილობრივ ასახავს, 32 პროცენტის თქმით კი –   საერთოდ არ ასახავს.

მოსახლეობის ნახევარს (52 პროცენტი) სმენია იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც შვიდ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა; 44 პროცენტს არ სმენია ამ ინიციატივის შესახებ. მოქალაქეთა უმრავლესობისთვის (59 პროცენტი) მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც მათ ერთი უწყება უხელმძღვანელებს. მხოლოდ 16 პროცენტი უჭერს მხარს ამ სიახლეს. ამას გარდა, მოსახლეობის ნახევარს (45 პროცენტი) მიაჩნია, რომ ამ ცვლილებებს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე, 11 პროცენტს კი სჯერა, რომ გავლენა პოზიტიური იქნება.

მოსახლეობის ნახევარი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ცენტრალური მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 10 პროცენტი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას – 16 პროცენტი. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემები აქვს. ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად არის გამოხატული თბილისში. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, რომ შეხება ჰქონია  ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებთან, თუმცა  მათგან,  ვისაც  კომუნიკაცია  ჰქონია, უმრავლესობა აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე ხალხი იყო კომპეტენტური და პატივისცემით მოექცნენ.

მოქალაქეებმა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დაასახელეს სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული  მთლიანობა,  ფასების  ზრდა/ინფლაცია  და  ჯანდაცვა;  ყველაზე  მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად დასახელდა გზები, გარემოს დაბინძურება, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და საგზაო მოძრაობა. თბილისში გარემოს დაბინძურება ადგილობრივი მნიშვნელობის ყველაზე დიდი პრობლემაა.

გამოკითხვა  2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის  პერიოდში, საქართველოს  მასშტაბით  2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

იხილეთ კვლევა სრულად