რიჟვაძე: წელს ტურისტულ სექტორში პრიორიტეტი შიდა ტურიზმი იქნება

1135

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს ტურისტულ სექტორში პრიორიტეტი შიდა ტურიზმი იქნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე როგორც კერძო კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მუშაობა იმ ახალ პრინციპებს მოარგონ, რა რეალობაც მსოფლიოში პანდემიამ შექმნა.

„შიდა ტურიზმი ერთმნიშვნელოვნად იქნება პრიორიტეტული. მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფო უწყებები, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ასევე სერვისებისა და პროდუქტების განვითარების კუთხით მომუშავე ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ბიზნესი ამუშავდეს, გადაეწყოს იმ ახალი გამოწვევის მიხედვით, რომელიც  პანდემიიდან გამომდინარე შეიქმნა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.