გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 10 ათას ადამიანს ჩაუტარდა და არცერთი საეჭვო პაციენტი არ გამოვლენილა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თერმოსკრინინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად ახორციელებს. მათ სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი და მოსახლეობასთან ურთიერთობის დროს შესაბამისად არიან აღჭურვილები. თერმოსკრინინგის მიზანი კორონავირუსის პრევენციაა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 მაისს გამოვლინდა. COVID 19 ყვარელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.