შალამბერიძე: წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერ არ დგას

660

წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას, ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მდგომარეობის შესაბამისად, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვები მოიხსნება ხვალ დილიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლება ქუთაისში თავისუფლად შევიდეს და გავიდეს.

„ბლოკ-პოსტები ჯერჯერობით რჩება და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვიმსჯელებთ. იმერეთში საშვი არავის არ დასჭირდება. საშვი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში საჭირო, თუ ჩვენს მოქალაქეს ექნება თბილისში გადაუდებელი ჩასვლის აუცილებლობა. წყალტუბოში ინფიცირების ბოლო შემთხვევის გამოვლენა სწორედ ბლოკ-პოსტზე მოხდა, რამაც ჩვენ აგვაცილა ძალიან ცუდ შედეგებს, გნებავთ ქუთაისში და გნებავთ წყალტუბოში. ჩვენ უკვე მეორე კვირაა ყველა რეგიონში გავხსენით ქოლცენტრი, სადაც ხდება ყველა იმ მოქალაქის გადმომისამართება იმერეთში, რომელიც 144-ზე რეკავს შემდეგ, 24 საათის განმავლობაში მათ უწევენ როგორც კონსულტაციას, ასევე მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე“, – განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისში და რეგიონებში გაიხსნა რამდენიმე აგრარული ბაზარი და ყველა დანარეჩენიც გაიხსნება, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„როგორც უკვე ვთქვი, წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მდგომარეობის შესაბამისად“, – განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი 28 აპრილს დაუდასტურდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.