გაბუნია: პრაქტიკულად, არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ 56 სამედიცინო დაწესებულებიდან რომელიმე ოჯახის ექიმი ან ექთანი უმუშევარი დარჩეს

1326

წინა სტატია

ჩვენ გვაქვს დღეს ოჯახის ექიმების და ექთნების განსაკუთრებით მწვავე საჭიროება, ამრიგად უმუშევრობის რისკი არის პრაქტიკულად არარსებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განცხადა.

მისივე განმარტებით, 56 დაწესებულება რომელიც აღარ გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას სპეციალიზებული ტიპის დაწესებულებებია და იქ მომუშავე ოჯახის ექიმების დიდი ნაწილისათვის, აღნიშნული მეორადი სამსახური იყო.

“სამედიცინო სფეროში ძალიან გავრცელებულია ორმაგი და სამმაგი დასაქმების პრაქტიკა და ბევრი ოჯახის ექიმი, რომლებიც ამ 56 დაწესებულებაში არიან დასაქმებულნი, სხვაგანაც მუშაობს. ამდენად, ძალიან მცირეა იმის მოლოდინი, რომ რომელიმე ოჯახის ექიმი ამ ცვლილების შედეგად უმუშევარი დარჩეს. ჩვენ აქტიურად ჩავერევით ამ პროცესში. იმიტომ, რომ დღეს, „კოვიდის“ მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტროს თავად აქვს ოჯახის ექიმების კიდევ დამატებით დასაქმების საჭიროება. თუნდაც, საკარანტინო სივრცეებში და ასევე არის დიდი საჭიროება მცირე ზომის რაიონულ საავადმყოფოებშიც. ამდენად, პრაქტიკულად, არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ რომელიმე ოჯახის ექიმი, ან მით უმეტეს, ექთანი უმუშევარი დარჩეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილება ემსახურება ეფექტურობის გაუმჯობესებას,

„ეს ცვლილება ემსახურება ეფექტურობის გაუმჯობესებას, რომ მიზანიმართულად მოხდეს დაფინანსების გამოყენება და მისი მიმართვა იმ დაწესებულებში, სადაც მოგროვდება მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობა. თუ 13 000-ზე ნაკლებია მოსახლეობის რაოდენობა ისმება კითხვა: რამდენად ახერხებს სამედიცინო დაწესებულება ფინანსების მობილიზებას იმისთვის, რომ აწარმოოს ხარისხიანი სერვისი. დაწყებული გვაქვს მუშაობა, თუ როგორ მოხდება ფინანსური ანაზღაურების რევიზია იმისთვის, რომ დაწესებულებას შეექმნას შესაფერისი პირობები ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს. ამ დაწესებულებებით დაახლოებით, 90 000 ადამიანი სარგებლობდა, რომლებიც სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან.