ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, 80 აგრარული ბაზრიდან 24 ფუნქციონირებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხსნება და ამასთან, ხდება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
“აგრარული ბაზრების გახსნის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები. ამ დროისთვის (30 აპრილის მონაცემებით) 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 3 აგრარული ბაზარი (1-ზუგდიდში, 2- ფოთში), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ახალქალაქში, აჭარაში- 3 აგრარული ბაზარი ბათუმში (მათ შორის ერთი – თევზის ბაზარი), ქვემო ქართლის რეგიონში – 1 აგრარული ბაზარი მარნეულში, თბილისში -3 აგრარული ბაზარი, იმერეთის რეგიონში – 7 აგრარული ბაზარი (ქუთაისში -2, ზესტაფონში, ხონში, სამტრედიაში საჩხერეში, ჭიათურაში), კახეთის რეგიონში- 4 აგრარული ბაზარი (თელავში, წნორში, ლაგოდეხში -2), შიდა ქართლის რეგიონში – 1 აგრარული ბაზარი გორში, გურიის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც, რაზედაც მიმდინარეობს მონიტორინგი. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ბაზრების ადმინისტრაციასთან და გასცემს რეკომენდაციებს”,-აღნიშნავენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სულ 80 აგრარული ბაზარი არსებობს.
24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. 27 აპრილიდან აღდგა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ “ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული”.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.