ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების, ისევე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, საქმიანობას მოსახლეობა საშუალოდ აფასებს.
ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას დადებითად აფასებს 10%, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას – 16%. გამოკითხულთა 52% ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ, ხოლო 28% უარყოფითად აფასებს.
უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა (58%). მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე, მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებს ნეპოტიზმის (46%) და კორუფციის (35%) პრობლემები აქვთ.
ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად არის გამოხატული თბილისში. გამოკითხულთა 78% ფიქრობს, რომ თბილისის ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა და მხოლოდ 14% არ ეთანხმება ამას. ნეპოტიზმს პრობლემად მიიჩნევს 68%, ხოლო არ ეთანხმება 15%. რაც შეეხება კორუფციას, 47% თვლის, რომ თბილისის ხელისუფლებაში ეს პრობლემაა, 26% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხომ 27% კითხვაზე პასუხს არ სცემს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.