შალამბერიძე: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საშვის მიღების მსურველი ბევრია, თუმცა ძალიან ბევრი განაცხადი არამიზნობრივად შემოდის

1125

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების მიმართვა დღეს მოქალაქეების, დაახლოებით, 70%-ს დაუკმაყოფილდა. როგორც შალამბერიძემ თქვა, ძალიან ბევრი განაცხადი მერიაში არამიზნობრივად შევიდა.

“ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უწევს ჩვენი მოქალაქეების ყველა განაცხადზე რეაგირება. მოგეხსენებათ, რომ არის გარკვეული ტიპის მიმართულებები, რაზეც ჩვენ გავცემთ საშვებს, ეს არიან მოქალაქეები, რომლებსაც უწევთ საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, რომელთან დაკავშირებითაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ბევრია, თუმცა სამწუხაროდ, ამ განაცხადების განხილვა უფრო და უფრო კრიტიკულად გვიწევს, რადგან ძალიან ბევრი განაცხადი არამიზნობრივად შემოდის და ძალიან ბევრ განაცხადზე მოგვიწია უარის თქმა დღეს. იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის შემოაქვს განაცხადი და აქვს საჭიროება, რომ ქალაქიდან გავიდნენ, დღეს მოუწიათ ამ რეალობას შეჯახებოდნენ.

რაც შეეხება რიგებს, მერიის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს მათ რიგის დაცვისკენ. ამის მიუხედავად, რამდენჯერმე სოციალური დისტანცია დაირღვა, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმ საჭიროებისთვის მოვიდნენ, რაზეც გაცემულია სახელმწიფოს მიერ ნებართვა და გაიცემა საშვები – ეს არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ქალაქის გარეთ,“- განაცხადა შალამბერიძემ.

შალამბერიძის თქმით, საშვების გაცემაზე მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი და დღეს მერიასთან რიგი სწორედ არამიზნობრივმა მიმართვებმა გამოიწვია.

„არაერთი დღეა, სხვადასხვა საშუალებით ხდება ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რაზე გაიცემა ნებართვა, ყველა წყაროს ვიყენებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებამდე მივიდეს ეს ინფორმაცია. თითოეული განაცხადი არის ინდივიალური და გაიცემა იმის მიხედვით, ვის რამდენი დღე სჭირდება ამ სამუშაოებისთვის, ვსწავლობთ ყველა განაცხადს, რამდენი დღით სჭირდებათ, განვიხილავთ და გავცემთ საშვებს. დღეების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის. ჩვენი მოქალაქეების მომართვის 70% ჩვენ დავაკმაყოფილეთ, მაგრამ იყო დიდი ნაწილი, რომელზეც ეს ნებართვა არ ვრცელდებოდა”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება თუ სამოქალაქო საზოგადოება ყველა რეკომენდაციას არ დაიცავს.

“ყველა დღეს ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისკენ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, ყველა ადგილზე – მერიასთან, ბაზრებთან, ბანკომატებთან თუ სხვა ადგილებზე. ამაში ყველა რესურსია ჩართული. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ჩვენი მოქალაქეების მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა როგორ იცავენ სოციალურ დისტანციას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება თუ სამოქალაქო საზოგადოება ყველა რეკომენდაციას არ დაიცავს და არ გაითვალისწინებს, მაქვს იმედი, რომ სოციალური დისტანციის დაცვას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდებით”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.