ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე გახდა

1528

ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნული პოსტი ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ვაჭარაძემ დაიკავა. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21 წევრი მონაწილეობდა, აქედან ვაჭარაძის კანდიდატურას მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.

„საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩემ კანდიდატურას, მადლობა მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა. საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და ყველა გადაწყვეტილება მიღებულია უმრავლესობით. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე კოლეგიალურად გავაგრძელებთ ყველანი ურთიერთთანამშრომლობას. ვინც ჩემს კანდიდატურას მხარს არ უჭერდა, მათი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაჭარაძემ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი თორნიკე შონია აპირებდა, თუმცა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭი მხოლოდ ვაჭარაძის კანდიდატურას უყარეს.

ამასთან დაკავშირებით ვაჭარაძემ განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია, თითქოს ვინმე განაწყენებული იყოს.

„ჩვენ შევთანხმდით და ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღეს ნახეთ, რომ საკრებულოს წევრებმა მხარი დამიჭირეს. მე არ ვიცი რატომ დატოვა თორნიკე შონიამ სხდომა. გუნდის შიგნით რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, ჩვეულებრივი პროცესია. გუნდური პრინციპით, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა ერთი კანდიდატურა,“ – განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ.

ფოთში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია პასუხისგებაში მიეცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ირაკლი კაკულია ორ მოქმედ და ერთ ყოფილ საჯარო მოხელესთან ერთად 8 ნოემბერში დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.