ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, დიდ და პატარა ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას, ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის პრობლემებიდან, ყველაზე მეტად გზების, კანალიზაციის, უსახლკარო ცხოველებისა და გარემოს დაბინძურების პრობლემები აწუხებს.
კითხვაზე, “რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს?” დიდი ქალაქების – ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, ფოთის, გორისა და ქუთაისის მოსახლეობის 35%-მა უპასუხა, რომ უმთავრესი პრობლემა გზება, 24%-სთვის მთავარი პრობლემა გარემოს დაბინძურებაა, ხოლო 21% უმთავრეს საკითხად კანალიზაციის მოუწესრიგებლობას ასახელებს.
რაც შეეხება პატარა ქალაქებს (რომელშიც 40 ათასზე ნაკლები მცხოვრებია), მოსახლეობის 32% უსახლკარო ცხოველების პრობლემას ასახელებს, 27%-სთვის მთავარი პრობლემა გზებია, ხოლო 22%-ს პრობემად კანალიზაციის მოუწესრიგებლობა მიაჩნია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.