ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ამ დროისთვის 600-მდე კომპანიაა შემოწმებული.
„მონიტორინგი მიმდინარეობს და ასევე გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, ეს პუნქტები სამინისტროს მხრიდან იქნება აუცილებლად დაცული. დღემდე შემოწმებულია 600-მდე კომპანია, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაციის შედეგად, ისინი იყვნენ იმდენად მზად, რომ კომპანიების 80%-მა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც იყო წარდგენილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სამინისტროს ვებ-გვერდზე დეტალურადაა შესაძლებელი ყველა იმ მოთხოვნის მოძიება, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. „დეტალები განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, სადაც დეტალურადაა ახსნილი თუ რომელ კომპანიას რა ვალდებულებები ეკისრება და ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობს ჩვენი შრომითი ინსპექციაც და ის დაწესებულებებიც, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გაისნას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მთავრობის რამდენიმე დადგენილებებით განსაზღვრულია იმ კომპანების სია, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ. 6 აპრილიდან კი მთავრობამ ამ საწარმოების შემოწმება დაიწყო, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.