თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომელსაც შესაბამისი ბაზა აქვს.
როგორც კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, თუ რა საბუთი უნდა წარადგინოს ასეთ შემთხვევაში ცნობის სახით, მაგალითად ძიძამ.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლების ბაზა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა და A და B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები დახმარებით ისარგებლებენ.
„თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების პროცესში მუნიციპალიტეტი ვერ ჩაერთვება. აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომელსაც ყველა ბაზა აქვს, რათა თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოახდინოს. თუმცა, აქაც არის გარკვეული პრობლემები. მაგალითად, ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ძიძა, დღემდე ვერ ხერხდება იმის მოფიქრება, თუ რა უნდა წარადგინოს ასეთმა ადამიანმა დამადასტურებელი ცნობის სახით, რომ მას დახმარება გაეწიოს. ამ მიმართულებით დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის პირები, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია, მაგალითად ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები, ასეთი დაახლოებით 23 ათასამდე ადამიანი გვყავს ბაზაში. ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ და ეს სიები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. A და B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ასევე დახმარებით ისარგებლებენ“, – განაცხადა კალაძემ.
24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, თვეში 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები კი – ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას.
წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, ძიძები, ოჯახების მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.