კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩატარდა.
თბილისის მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.
სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.
„გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით. დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირი შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით მთლიანად იქნება დამუშავებული. ეს არის პრევენციული ღონისძიება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვისის“ თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ. თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და დუმბაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.