გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის ფერმერებსა და რეგისტრირებულ კოოპერატივებს მცირე საგრანტო ინვესტიციებს სთავაზობენ. კონკურსი დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADჩ) ფინანსური მხარდაჭერით გამოაცხადა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას. თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; დარჩენილი 25% ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს, ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით.
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს – შიდა ქართლის რეგიონული სამსახური, ლევან მუმლაძე, 577 080 500.
საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე: 595 093 749.
აღნიშნული საგრანტო კონკურსი ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და FAO-ს მიერ განხორციელებული “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის” ერთ-ერთი მიმართულებაა.
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, სურსათის წარმოების გაზრდის და სოფლად სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირების ხელშეწყობას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ თემებში ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადებას და ადგილობრივთათვის გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გაცნობას, რაც მდგრადი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებას ითვალისწინებს.