თბილისში მარტოხელა ხანდაზმულებზე დახმარებების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

1048

დღეიდან მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებითა და პირველადი, მათ შორის ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანია „ანაგმა“ (1000 ნობათი) და კომპანია „სეზანმა“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს.

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა აქციაში აქტიური ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა წითელ ჯვარს, ბიზნესსექტორსა და მოხალისეებს.

„ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა იმ ოჯახს და ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. დღეს საკვები პროდუქტები წითელი ჯვრის მიერ იქნა შემოტანილი. მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მათ ძალიან დიდი მადლობას ვუხდი. დღეიდან დაიწყება ამ პროდუქტების მიტანა შესაბამის ოჯახებში. საკვები პროდუქტების გარდა წითელმა ჯვარმა წარმოადგინა პირბადეები, რაც ამავე ოჯახებს დაურიგდებათ საჩუქრად. ასევე, კომპანია „სეზანმა“ 5000 ცალი სახის დამცავი ფარი მოგვაწოდა. დიდ მადლობას ვუხდი სამშენებლო კომპანია „ანაგს“, რომელმაც ჩვენ მიერ შედგენილი სიით წარმოადგინა არამალფუჭებადი პროდუქტები. ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოხალისეები დღეიდან დაიწყებენ კონკრეტულ ოჯახებში ამ ნობათები მიტანას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს, განსაკუთრებული მადლობა კი ვუთხრა ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან ბევრი პროდუქტი შეუგროვეს გასაჭირში მყოფ ადამიანებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ამ პროდუქტის ადრესატებამდე მიტანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის პროცესი, პირველი ეტაპის მსგავსად, სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

ამ დროისთვის, კამპანიის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ 1500-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გაეწია”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.