ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო ბლოკპოსტები უქმდება

1111

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება. აღნიშნულის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

შალამბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია კონტროლს სრულად შეესაბამება. შესაბამისად, საკონტროლო გამშვები პუნქტების საჭიროება აღარ დგას.

ვანში მუნიციპალიტეტის შესასვლელსა და გამოსასვლელში საგუშაგოები, 8 აპრილს განათავსეს, სადაც სამართალდამცველები და სამხედროები 24 საათის განმავლობაში მოსახლეობის თერმოსკრინინგს, ავტომობილების შემოწმებასა და მგზავრთა გადააადგილების კონტროლს ახორციელებდნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.