ოზურგეთში “ქართული ოცნების” მიერ სურსათ სანოვაგის დარიგებით საია დაინტერესდა

1185

ოზურგეთში “ქართული ოცნების” ადგილობრივი ლიდერების მიერ უცხო ქვეყნების დახმარების მოსახლეობაში დარიგებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა.

“ამ საქმეს აუცილებლად შევისწავლით და გვექნება რეაგირება,” – უთხრა “გურიის მოამბეს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენელმა თამაზ ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, ასეთი რამ, მით უმეტეს, საარჩევნო წელს დაუშვებელია.

ცნობისათვის, გამოცემამ დაწერა, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” კორონავირუსის ეპიდემიას და მასთან დაკავშირებით უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის შეჭირვებულ მოსახლეობაზე გამოგზავნილ დახმარებას პარტიული ინტერესებისა და პროპაგანდისათვის იყენებს.

ამ დღეებში ოზურგეთის “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ფოტომასალა თუ როგორ ურიგებს “ოცნების” ადგილობრივი ლიდერი მერაბ ჭანუყვაძე შეჭირვებულებს პარტიის სახელით დახმარებას. “გურიის მოამბის” ცნობით, ეს დახმარება ქართველ ხალხს თურქეთის მთავრობამ გამოუგზავნა, კერძოდ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA), ხოლო ქართულ მხარეს თურქეთის ელჩმა ქალბატონმა ფატმა სერენ იაზგინმა გადასცა:

“ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაცია და ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დახმარებას განაგრძობს ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება პარტიის შტაბშია დასაწყობებული, რაც მათ მიერვე გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს,”- წერს გამოცემა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.