კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
რეგიონის სამივე შესასვლელთან დროებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.
„გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დროის მონაცემებით, არ ფიქსირდება. რეგიონი „მწვანე“ სტატუსს ინარჩუნებს. თერმოსკრინინგის ფარგლებში მოწმდება რეგიონში შემომსვლელი მოქალაქეები და აღნიშნული პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.