თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აჩერებენ ტენდერებს ინფრასტრქუტურულ პროექტებზე, რომელთა გამოცხადება დაგეგმილი იყო. ასე უპასუხა მან bm.ge-ს შეკითხვას, იგეგმება თუ არა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე კონკრეტული პროექტების შეჩერება, მაგალითად ვეფხი და მოყმის მიმდებარედ ხიდის მშენებლობა, ან მაღლივის საავტომობილო ხიდი.
“ტენდერებს, რომლებიც გამოსაცხადებელია არ ვაჩერებთ მიზანმიმართულად. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რა აუცილებლობა და საჭიროებაც იქნება. თუ ჩვენ არ მოგვიწევს თანხების შეზღუდვა და ისე გამოვალთ ამ რთული მდგომარეობიდან, გავაგრძელებთ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თუკი პრობლემა იქნა და საჭირო იქნება ამ თანხების მიმართვა რომელიმე კონკრეტული მიმართულებით, მაშინ შევწყვიტავთ და არ გავაფორმებთ ხელშეკრულებებს. მარტივად, ეს პროექტები ვერ განხორციელდება წელს თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ არ ვაპირებთ მათ განხორციელებას. უბრალოდ, პრიორიტეტები იცვლება”,- აცხადებს თბილისის მერი.
მისივე თქმით, ბიუჯეტში ხარჯების ოპზტიმიზაცია მოუწევთ, თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის
24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.