გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში შეფერხების გარეშე, რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არსებული შეზღუდვების პირობებში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების სამუშაოებს სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვით, შეფერხების გარეშე განაგრძობს; ხე-მცენარეების მასშტაბური რგვისა და სანიტარიული ჭრის პროცესი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ინტენსიურად მიმდინარეობს.
მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქში, თბილისის გარემოსთან ადაპტირებული მერქნული მცენარეები ირგვება.
„ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე ძალიან ლამაზად გამოჩნდა. ეს არის გამწვანების სამუშაოები, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. ის ეფექტი, რომელიც აღნიშნული გამწვანების სამუშაოებმა მოგვცა, იმ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც „ეკოსერვისში“ მუშაობენ და ამ შეზღუდვების პირობებში, ყოველდღიურ შრომას განაგრძობენ. ის სამუშაოები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ასრულებენ, ჩვენ კვლავ მოგვცემს შედეგს, როგორც წელს, ასევე მომავალში. სამუშაოები, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, დაახლოებით, 5 ჰა ფართობზე, ე.წ. ჟინვალის ფერდობზე განხორციელდა. ასევე, სამგორის რაიონში, უკვე დაირგო თბილისის გარემოსთან ადაპტირებული 200-მდე მერქნული მცენარე – ნეკერჩხალი, ნუში, აკაკი. სამუშაოები, ბუნებრივია, ხორციელდება სოციალური დისტანციის პრინციპების დაცვით, ნიღბებისა და ხელთათმანების გამოყენებით. ეს ადამიანები ატარებენ გათიბვისა და ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში იმისთვის, რომ მომავალი თბილისი, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდება, მოვლილი და მეტად გამწვანებული იყოს.
„აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში კვლავ გრძელდება სანიტარული ჭრები. ამ დროისთვის, უკვე მოჭრილია, დაახლოებით, 400-მდე ხე. ამჟამად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები ზოოპარკისა და ვერა-ვაკის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერია ინფრასტრუქტურულ და გამწვანების სამუშაოებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ახორციელებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.