თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომელზეც უარის თქმა მერიას კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოუწევს, მომავალ წელს განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, მერიას ბიუჯეტის ხარჯების შემცირება მოუწევს.
„ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ტენდერები, რომელიც გამოცხადებულია და გამოსაცხადებელი, ამას არ ვაჩერებთ მიზანმიმართულად იმიტომ, რომ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა აუცილებლობა და საჭიროება იქნება.
თუ ჩვენ არ მოგვიწევს თანხების შეზღუდვა და ისე გამოვალთ ამ რთული მდგომარეობიდან, მაშინ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ინფრასტრუქრურულ პროექტებს. თუკი, პრობლემა იქნება და თანხების მიმართვა სხვა მიმართულებით გახდება საჭირო, მაშინ რა თქმა უნდა, შევწყვეტთ, არ გავაფორმებთ ხელშეკრულებებს და ეს პროექტები ვერ განხორციელდება წელს. თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ არ ვაპირებთ ამ პროექტების განხორციელებას. უბრალოდ, პრიორიტეტები იცვლება არსებული რეალობიდან გამომდინარე“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ სამწუხაროდ, მერიას ხარჯების შემცირება მოუწევს.
ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, თუ რომელი პროექტი შეჩერდება, ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ, ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა წარადგინა, შეზღუდვების მოხსნის პირველი დღეს, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.