ხმაური იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. როგორც მოვაჭრეები აცხადებდნენ, ბაზრის ადმინისტრაციამ დროულად ვერ უზრუნველყო სამუშაო პირობების შექმნა, რის გამოც მათ მუშაობის დაწყების უფლება არ ეძლევათ.
ბაზრის დირექტორის განმარტებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლო და ბაზარი სწორედ ამ მოტივით ვერ გაიხსნა.
„სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაგვავალა სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულება, დახლების შეწევა, დისტანციისთვის საჭირო ადგილების მონიშვნა, თერმოსკრინინგის აპარატის შეძენა. ამ ყველაფრის შესრულება კი, ჯერ ვერ შევძელით და ვფიქრობთ, მათ შესასრულებლად ეს კვირა მთლიანად დაგვჭირდება“, – განაცხადა ოზურგეთის აგრარული ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.