სოფლად მცხოვრებლებს ქალაქ გორისა და თვითმმართველი თემის – გორის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ნაკლები, ან საერთოდ არა აქვთ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ვარიანის თემში შემავალ სოფლებში განუცხადეს.
მათი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათთვის აზრი არავის უკითხავს. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ მისი მშობლიური სოფლის, ვარიანელებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ისინი გორთან გაერთიანებული იქნებიან თუ არა. ისინი თავს მაინც გორელებად თვლიანო.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა, სწორედ, ამ ნიშნით ვარიანის თემი შეარჩია.
განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ქალაქ გორში მცხოვრებლებს, ისინი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ქალაქის მოსახლეობამ და მისმა არჩეულმა მთავრობამ თავად უნდა მართოს ქალაქი გორი.
თვითმმართველი ქალაქი არის ადმინისტრაციული საზღვრის მქონე ერთი დასახლება.
თვითმმართველი თემი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქისა და სოფლების გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდება თვითმმართველი თემი. ამ შემთხვევაში თვითმმართველი თემის ცენტრი იქნება ქალაქი გორი.
2016 წლის მონაცემებით: ქალაქ გორში ცხოვრობს 51 719 ადამიანი (მთელი მოსახლეობის 35%) რაიონში – 94 381 ადამიანი (65% )
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება პროპორციული სისტემით არჩეული 10 და ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით.
თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებით სიტუაცია უბრუნდება 2014 წლის მდგომარეობას.
ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ყველა, ვარიანელიც და გორელიც, თბილისში ყოფნისას ამბობს, რომ მაინც ,,გორელია”.
მოსალოდნელი საფრთხე: 11,, ქალაქელი“ დეპუტატი VS 21 ,,სოფლელი“ დეპუტატი
როგორი იყო საკრებულო 2010-2014 წლებში? ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნების შედეგად გორის მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო 31 წევრის შემადგენლობით (10 – პროპორციული წესით და 21 – მაჟორიტარული წესით) 21 მაჟორიტარიდან ერთი იყო ქალაქიდან, დანარჩენი 20 – თემებიდან.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო არჩევნებში პროპორციული წესით მოხვედრილი წარმომადგენლები ,,ქალაქელები“ იქნებიან, სოფლად მცხოვრები დეპუტატების რაოდენობა მაინც აღემატება ქალაქში მცხოვრებ დეპუტატების რაოდენობას.
ქალაქის და რაიონის ბიუჯეტი ერთიანდება – გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის სოფლების წარმომადგენლობა ჭარბობს
სტატია ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.