როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა

2329

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება.

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერმა თქვა, რომ ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოხდება ეპდემიოლოგიური ვითარების ანალიზის შემდეგ. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში კი შესაძლებელია, გაუქმებული შეზღუდავ ისევ ამოქმედდეს.

“როსედაც გარკვეულ საქმიანობებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც იყო ეპიდემიამდე,”- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

უფრო კონკრეტულად:

პირველი ეტაპი — 27 აპრილიდან

აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა

მეორე ეტაპი – ორი კვირის შემდეგ, დაახლოებით 10 მაისიდან

აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები; სამშენებლო მასალების წარმოება; ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები; კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი; სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი – კიდევ ორი კვირის შემდეგ, ანუ სავარაუდოდ 24 მაისიდან

გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩებიდან; ყველა ტიპის ღია ბაზრობა; ყველა ტიპის წარმოება; საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი – დაახლოებით 7-8 ივნისიდან

გაიხსნება სავაჭრო მოლები; ღია ტიპის რესტორნები, კვების ობიექტები; ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი – დაახლოებით 22 ივნისიდან

გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები; ბაზრობები; ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)

მეექვსე ეტაპი – დაახლოებით ივლისის დასაწყისიდან

გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები; სასტუმროები და რესტორნები; კაზინოები; საგანმანათლებლო დაწესებულებები; ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.

გიორგი გახარიამ ასევე თქვა, რომ სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად აუცილებელი იქნება. ასევე, აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება. ასევე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, რათა ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.