“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ცნობით, ქობულეთის მერია ტენდერებს, სავარაუდოდ, კომპანია ჯორჯიან სტოუნის ინტერესებს არგებს. ორგანიზაცია მოუწოდებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები მოიკვლიოს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” აცხადებს, რომ კომპანია კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებს ბათუმის ბულვარის შესყიდვებშიც. ორგანიზაცია წერს, რომ ჯორჯიან სტოუნის დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შპს “ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს, რომლის დირექტორიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა.
TI-ის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 18 მარტს გააფორმა. აუქციონის გარეშე გამართული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ შპს Award-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია დაიწუნა და კომპანია ტენდერს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა, რის შემდეგაც კომისიამ უპირატესობა მიანიჭა “ჯორჯიან სტოუნს”, რომლის შეთავაზება – 4 637 636 ლარი – მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას, 4 773 769 ლარს.
ორგანიზაციის ცნობით, “ჯორჯიან სტოუნი” ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთერთი მთავარი მიმწოდებელია და 2019 წელს სწორედ ამ კომპანიამ შეასრულა ქობულეთის სანაპირო ზოლის ზღვისპირა პარკის 2 770 077 ლარის ღირებულების პირველი ეტაპის სამუშაოებიც.
ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს, სავარაუდოდ, “ჯორჯიან სტოუნის” ინტერესებს არგებს, რაც მათივე განცხადებით, ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.
“საყურადღებოა, რომ კომპანიამ სსიპ “ბათუმის ბულვარის” შესყიდვებში ასევე კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა”, – წერია განცხადებაში.
TI-ის ცნობით, “ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-14 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა. როგორც ორგანიზაცია წერს, სანამ რომანაძემ ამ კომპანიის დირექტორი გახდებოდა, “ჯორჯიან სტოუნმა” მხოლოდ ერთ, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და გაწეული სამუშაოებისთვის 18 000 ლარამდე მიიღო.
“სწორედ რომანაძის საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო “ჯორჯიან სტოუნის” გამარჯვება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, “ჯორჯიან სტოუნმა” 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 27 ტენდერში გაიმარჯვა. ამასთან, გაუფორმდა გამარტივებული შეყიდვის, 755 375 ლარის ღირებულების, ერთი ხელშეკრულება და ჯამში 18 809 434 ლარი მიიღო, რომლის 38%-ზე მეტი უკონკურენტო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ 6 184 705 ლარის ღირებულების 7 ტენდერში კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 5 ტენდერში “ჯორჯიან სტოუნმა” კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
TI-ის ცნობით, ჯამში კომპანიამ ბოლო 6 წლის განმავლობაში სამშენებლო მასალების მიწოდებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის შემსყიდველი ორგანიზაციებიდან 27 031 328 ლარი მიიღო. ამ თანხის 70% კი, “ჯორჯიან სტოუნმა” ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მიიღო.
“გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ბადრი რომანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო, ამავდროულად, მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძისა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად რომანაძის ნათესავია. მინდია და ზვიად რომანაძეები ძმები არიან. მინდია რომანაძე 2018 წლის მაისში ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოდან მივიდა, მანამდე კი 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო “კოლხეთის” დირექტორი იყო”, – წერს TI.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სრული კვლევა იხილეთ აქ: