კალაძე: კომპანიებს, რომლებსაც საქმიანობა შეჩერებული აქვთ, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ

1196

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იმ კომპანიებს რომლებსაც ამ ეტაპზე საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, დასუფთავების მოსაკრებელი ჩამოეწერებათ.

“ეკონომიკური საქმიანობის შეღუდვის გამო, იმ მდგომრეობის გამო, რაც ქვეყანაშია, მეწარმეების დიდმა ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა. მერიის საწარომ, “თბილსერვის ჯგუფმა” აღრიცხა ასეთი საწარმოები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც საქმიანობა ექნებათ შეჩერებულები.

ამას გარდა, იცით, რომ პარასკევს წარმოდგენილი იქნება სოციალური პაკეტი, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობთ. აქ ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები და მიწოდებული იქნება საზოგადოებისთის, რა დახმარებები გაკეთდება მომდევნო თვეების განმავლობაში”, – განაცხადა კალაძემ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, არამხოლოდ თბილისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთმა საწარმომ შეაჩერა მუშაობა. ამ ეტაპზე კომუნალურებზე შეღავათები მხოლოდ მოქალაქეებს და თბილისში არსებულ კომპანიებს აქვთ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.