კალაძე: თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე გადაადგილებას გამგეობები უზრუნველყოფენ

631

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქ ლაივით“  საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობას აქვს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას, გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ.

„გუშინ გაგრძელდა რიგი შეზღუდვები, რომელიც გათვალისწინებულია იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რაც ემ ეტაპზე ქვეყანაშია. ჩვენმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომ არ მოხდა ვირუსის უკონტროლო აფეთქება და ეს თითოეული ექიმის, სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულის, კარანტინის წესების თითოეული შემსრულებელი რიგითი მოქალაქეების დამსახურებაა. მე კარგად მესმის, თუ რამდენად დიდი ფსიქოლოგიური დისკომფორტია ეს ყველაფერი, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთ. მესმის, რომ ამ შეზღუდვებმა სერიოზული დისკომფორტი გამოიწვია და განსაკუთრებით ბევრი ზარი შემოდის. ეს ეხება განსაკუთრებით შემოერთებულ სოფლებს და ასევე არის სოფლები, რომლებიც ეკუთვნის მცხეთის მუნიციპალიტეტს და ერთადერთი მისასვლელი გზა არის თბილისის გავლით. ზარები ეხება იმას, რომ ამ კონკრეტულ სოფლებში არანაირი სასურსათო მაღაზია არ არის, არ არსებობს აფთიაქები, შესაბამისად, გამგეობებს დაევალათ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ამ სოფლებთან და ოჯახებთან, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და მივცეთ მათ იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინონ მათი გარკვეული დროის განმავლობაში გასვლა საკვები პროდუქტების და იმ პროდუქტების შესაძენად, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. მათ ექნებათ მაქსიმალური  ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჩვენი გამგეობების ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.