თბილისის მერს, კახა კალაძეს იდეა აქვს, რომ დაწესებული რეგულაციების გაუქმების შემდეგ, კვირაში ორი დღე, შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს. მისივე განმარტებით, აღნიშნული იდეა თბილისში საგანგებო მდგომარეობის დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლების შემდეგ გაჩნდა.
როგორც კალაძე ამბობს, მას ამ საკითხზე საზოგადოების აზრი აინტერესებს და ამიტომ ამ იდეასთან დაკავშირებით ინტერაქტივიც იქნება.
„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა, როდესაც დაიწყებენ მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით – კვირაში ორი დღის განმავლობაში ხომ არ გავაკეთოთ კერძო ავტომობილების აკრძალვა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ აუცილებლობის პირობებში თავისუფლად შეძლონ გადააადგილება ადამიანებმა, როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი? უბრალოდ მაინტერესებს მოსახლეობის აზრი.
ეს უბრალოდ ჩვენი იდეაა, ამას დახვეწა დასჭირდება და ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და გვექნება ინტერაქტივიც. საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, რომ შევინარჩუნოთ ეს მონაცემები, რაც არის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეკოლოგიოური მდგომარეობა არის ძალიან გაუმჯობესებული. დარგის სპეციალისტები ხუმრობდნენ, რომ თბილისში, როგორც ბახმაროში ისეთი ჰაერია დღეის მდგომარეობით, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს. ამას სჭირდება მოფრთხილება. ეს არის ჩვენი წინადადება, რომელიც იქნება განხილვადი მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას და ხომ არ გავაკეთოთ ორი დღის განმავლობაში აკრძალვა კერძო ავტომობილების შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, ამას დახვეწა სჭირდება და რაღაცების გათვალისწინება მოგციწევს ისე, რომ პრობლემა არ შევქმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ „ფეისბუქით“ მიმართვისას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.