მილანი კარანტინის მოხსნის შემდეგ ავტომობილების შეზღუდვის ამბიციურ გეგმას აანონსებს

3234

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ მილანი გეგმავს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა განახორციელოს და ქალაქის სატრანსპორტო სივრცე, საავტომობილო გზების შემცირების ხარჯზე, ველოსიპედებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გაზარდოს. მილანი იმედოვნებს, რომ ე.წ. “ლოქ დაუნის” დასრულებას უფრო მეტად სუფთა და ეკოლოგიური ტრანსპორტით შეხვდება.

ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გააფართოვოს ველო და საფეხმავლო ბილიკებს იმისათვის, რომ დაიცვას მოქალაქეები დაინფიცირების რისკისგან და შეაჩეროს ნახტომი, რომელიც, შესაძლოა, ტრანსპორტით მოძრაობამ გამოიწვიოს, ვინაიდან იტალიის მასშტაბით ბლოკირების ეტაპობრივად მოხსნა უკვე მაისიდან იგეგმება.

ამიტომაც არის საშიშროება, რომ, როდესაც ხალხი სამსახურებს დაუბრუნდება, ვირუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით კვლავ გააქტიურდება.

მილანის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ქალაქში მეტრო 30%-იანი დატვირთვით აღდგება, რათა სოციალური დისტანცირება შესაძლებელი იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1.4 მილიონის ნაცვლად, მეტრო დღეში მხოლოდ 400 ათას ადამიანს მოემსახურება. სწორედ ამიტომ არის საშიშროება, რომ ეს შეზღუდვა ტრანსპორტის მკვეთრ მომატებას გამოიწვევს.

“ჩვენ ამაზე ფიქრიც კი არ შეგვიძლია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისედაც 1 მილიონი მანქანაა გზებზე”, – განაცხადა მერის მოადგილემ სატრანსპორტო საკითხებში, მარკო გრანელიმ და დასძინა: “იმისათვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, ჩვენ მოგვიწევს ორთვლიანი ტრანსპორტის გაძლიერება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტს და ვზრდით ველობილიკებს”.

გარდა იმისა, რომ Covid-19-ით ყველაზე მეტად დაზარალდა, ჩრდილოეთ იტალიის ეს ქალაქი და ზოგადად, ლომბარდიის რეგიონი, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად ითვლება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ველობილიკებთან მიმართებით არაპროპორციულადაა განვითარებული. ევროკავშირმა არაერთხელ მიუთითა იტალიის ხელისუფლებას, რომ გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები გარემოს დაბინძურების შესამცირებლად.

საერთაშორისო მკვლევარები ახლა ცდილობენ, დაადგინონ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და მილანში Covid-19-ით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს შორის.

საყოველთაო კარანტინის პირობებში ქალაქში საავტომობილო გადაადგილებისას შექმნილი საცობები 30-დან 75%-მდე შემცირდა, მასთან ერთად კი – ჰაერის დაბინძურებაც. ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეძლებს, აღკვეთოს ავტოტრანსპორტის იმგვარი გამოყენება, რაც კორონავირუსამდე იყო.

ამბიციური გეგმა Strade Aperte (ღია გზები), რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ითვალისწინებს, პრიორიტეტად გამოცხადდეს ველოსიპედებითა და ფეხით გადაადგილება, რათა “ლოქ დაუნის” მოხსნის შემდეგ ქალაქის მცხოვრებლებმა უფრო უსაფრთხოდ შეძლონ სახლების დატოვება და გადაადგილება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ქალაქში გაფართოვდეს ველო და საფეხმავლო სივრცეები. თავდაპირველად, ჯამში 35 კილომეტრი ახალი ველობილიკის მოწყობაა დაგეგმილი, გაფართოვდება ტროტუარებიც, ქუჩებზე კი სიჩქარის 30 კმ/სთ-მდე შეზღუდვა დაწესდება.

როგორც “გარდიანს” მილანის მერის მოადგილემ, მარკო გრანელიმ უთხრა, მერია წლების განმავლობაში მუშაობდა ავტოტრანსპორტის შემცირების სქემაზე. “თუ ყველა მანქანით დადის, მაშინ აქ არ არის ადგილი ხალხისთვის, არ არის ადგილი გადაადგილებისთვის, არ არის ადგილი კომერციული საქმიანობისთვის მაღაზიების გარეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, კვლავ გავხსნათ ეკონომიკა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ სხვაგვარად და არა ისე, როგორც ადრე იყო”, – ამბობს ის.

მილანი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, რომელიც ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე 15 კილომეტრია. ქალაქში 1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათგან 65%-ზე მეტი სამსახურში წასასვლელად კერძო და საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. გამოთვლილია, რომ ადამიანები სამსახურში მისასვლელად საშუალოდ 4 კილომეტრს გადიან. ქალაქის ხელისუფლება სწორედ ამიტომ თვლის, რომ გადაადგილების ახალ სქემაზე გადასვლა შესაძლებელია.

სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დაიწყება პირველი 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის მილანის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სავაჭრო და ხალხმრავალ ბუენოს აირესის პროსპექტზე, სადაც მოეწყობა ახალი ველობილიკები, ტროტუარები კი გაფართოვდება.

ჯანეტ სადიკ-ხანი, რომელიც ნიუ იორკის ტრანსპორტის ყოფილი კომისარია და ამჟამად საკუთარ პროგრამას მილანსა და ბოგოტაში ახორციელებს, ამბობს, რომ მილანს, რომელიც პანდემიის ტრაექტორიით ერთი თვით უსწრებს მსოფლიოს სხვა ქალაქებს, შეუძლია, გაუზიაროს ახალი სატრანსპორტო რუკა სხვებსაც.

“მილანის გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გვთავაზობს კარგ სახელმძღვანელოს იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ აღადგინოთ საკუთარი ქალაქები ახლა. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ახლებურად შეხედოთ თქვენი ქალაქის ქუჩებს და დარწმუნდეთ, რომ ისინი მოწყობილია ისე, რისი მიღწევაც ჩვენ გვსურს: არა მხოლოდ ის, თუ როგორ შეიძლება ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე მანქანით დროულად გადაადგილება, არამედ ისიც, რომ ეს გადაადგილება უსაფრთხო იყოს”, – აცხადებს ის.

მილანის მერის კიდევ ერთი მოადგილე პიერ-ფრანჩესკო მარანი კი ამბობს: “ჩვენ ვალდებული ვართ, ვაღიაროთ, რომ თვეების და, შესაძლოა, წლის განმავლობაშიც, ახალ რეჟიმში ცხოვრება მოგვიწევს, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ კარგი პირობები, რათა ამ ახალი წესებით ყველამ ნორმალურად იცხოვროს.”

“მე ვფიქრობ, რომ შემდეგ თვეში მილანში, იტალიასა და ევროპაში ჩამოვყალიბდებით, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მომდევნო ათწლეულში. ადრე ჩვენ ვგეგმავდით 2030 წელს, ახლა კი გვიწევს 2020 წლის დაგეგმვა. იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენ ვალდებული ვართ, ვიფიქროთ აწმყოზე”, – ამბობს მარანი.