თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პარტია “ლელოს” ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, საცობების თვალსაზრისით სხვა ალტერნატივა არ არის.
საცობების და სატრანსპორტო პოლიტიკის განხილვას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
“რაც შეეხება 18 მეტრიან ავტობუსებს, თქვენ ძალიან კარგად იცით ეს, მაგრამ გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. 18 მეტრიან ავტობუსებს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაბამისობაში იქნება. თქვენ ამ დღეების განმავლობაში რომ საუბრობთ გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დღეს პრობლემები არის და იქნება. ეს პროცესი, რომ ჩვენ შედეგებამდე მივიდეთ, საჭიროებს იმ დისკომფორტების გადალახვას, რაც დღეს ჩვენს ქალაქში არის, გამზირების რეაბილიტაცია, იმგვარად დაგეგმვა და გადაწყობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს პრიორიტეტი. თქვენ ამის აღიარება არ გინდათ და გარკვეულ პრობლემებს ეძებთ”,-განაცხადა ტყემალაძემ.
მის განცხადებაზე საპასუხოდ, საბა ბუაძემ დარბაზიდან წამოიძახა, თუმცა ტყემალაძემ მას მიმართა, რომ საკრებულოს სხდომაზე საუბრის საშუალება მიეცა.
“რას ჰქვია წამოყვირება, თქვენ ვინმე გიშლით საუბარს? მაქვს უფლება ვისაუბრო? საბა, 3 წუთი ხომ საუბრობდი, ვინმემ შეგიშალა ხელი? სიმართლე თქვი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ დანარჩენი ძალიან ბევრი ტყუილი თქვი. თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ და მოსახლეობის მიმართაც, რომ გაგებით მოვეკიდოთ ამ პროცესს და მეორე, თქვენმა კოლეგებმა, ყველამ ერთობლივად ავუხსნათ საზოგადოებას, რისთვის არის ეს დისკომფორტი, ანუ რა სიკეთე უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია”,-მიმართა ტყემალაძემ ბუაძეს.