„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა“ ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელზეც მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მუშაობა უკვე დისტანციურად აქტიურ რეჟიმში გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებით 10 რეგიონის საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტთან, (ქობულეთი, ოზურგეთი, ონი, ზუგდიდი, მესტია, ქუთაისი, გორი, თიანეთი, დმანისი, სიღნაღი და ახალციხე) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დისტანციურად გაფორმდა.
„მემორანდუმების გაფორმებისთვის თავდაპირველად დაგეგმილ ღონისძიებას, ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე, მისი გავრცელების თავიდან ასარიდებლად ფორმა ეცვალა და მასშტაბური ღონისძიების ნაცვლად რეგიონული ტურნეს განხორციელებით შემოიფარგლა, რომლის ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებს ეწვეოდნენ და მემორანდუმს ადგილზე გააფორმებდნენ, თუმცა უსაფრთხოებისთვის და რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით სააგენტომ ეს ღონისძიებაც გააუქმა და საქმიანობა სრულად დისტანციურ რეჟიმში გააგრძელა.
გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები, რომელიც მთელი წლის მანძილზეა გაწერილი და მოიცავს ადგილზე ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევის ჩატარებას, მასზე დაფუძნებით პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერებას, შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადების გზით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, დოკუმენტაციის შემუშავებისა და აღსრულების ნაწილში.
ამ მიზნით მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, საპილოტედ შერჩეულმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდულ თემაზე მომუშვე ორ–ორი თანამშრომელი წარმოადგინეს, რომლებსაც მიმდინარე წლის განმავლობაში ახალგაზრდობის სააგენტო მოწვეული ექსპერტების დახმარებით გადაამზადებს ოთხ ეტაპად. გადამზადების პირველი ეტაპი აპრილის თვიდან დისტანციურად დაიწყება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილ ახალგაზრდულ თემაზე მომუშავე ორ თანამშრომელს შორის, ერთ–ერთი სააგენტოს წარდგენით მიმდინარე წლის მარტში, სტრასბურგის ტრენინგ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე იმყოფებოდა, სადაც მონაწილეებმა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად გაიუმჯობესეს კომპეტენციები, ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის პროცესებისა და პროექტების უკეთესი კოორდინირებისთვის.
მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომლის მიზანია საქართველოს ათივე რეგიონში მუნიციპალიტეტების დონეზე ეკოსისტემების შექმნით, ახალგაზრდობის სფეროს მთლიანი ეკოსისტემის შექმნა. სამიზნე მუნიციპალიტეტების შესარჩევად, სააგენტო 10-ვე რეგიონის 64–ვე მუნიციპალიტეტს ეწვია და ადგილზე გაეცნო ახალგაზრდულ სფეროში არსებულ საჭიროებებს, გაითვალისწინა მათი გამოწვევები და სფეროს ექსპერტების რეკომენდაციები”,- აღნიშნულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.