წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში თერმოსკრინინგი 2 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა

744

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში თერმოსკრინინგი 2 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის სოფელში თვითიზოლაციაში 56 პირი იმყოფება, ორი კი კარანტინში გადაიყვანეს.

ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა და მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა, ამასთან, პანდემიის პირობებში რეკომენდაციების და წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ფარცხანაყანევის კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში, სადაც საკვები პროდუქტები მივუტანეთ იმ ადამიანებს, ვისაც 38 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი 150-მდე ადამიანია. ასევე, ფარცხანაყანევში პროდუქტები გადაეცათ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. გარდა ამისა, გასული დღეების განმავლობაში პროდუქტები დაურიგდათ როგორც 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს, ასევე შშმ ბავშვებს, დედ-მამით ობოლ მოზარდებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებს”, – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე, დაემხარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 399 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 93 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.