დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის თქმით, იმას თუ რა როლი ითამაშა განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა 10 დღის განმავლოვაში დაინახავენ.
მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ეკლესიებში არ მივიდნენ. თუმცა, მისი თქმით, ერთი და ორი დღე დამშვიდების საფუძველს არ აძლევთ.
“დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ”, — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, საპატრიარქომ უარი თქვა მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლიც დაესწრო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 399 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 93 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.